გამოჩენილ ოს მწერალს, დრამატურგს და მთარგმნელს, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ოსური ფოლკლორისა და ლიტერატურის შესწავლას მიუძღვნა, ეკუთვნის 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია. ნაფი ჯუსოითი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი.
ნაფი ჯუსოითი იყო მრავალი თხზულების და პოეტური კრებულის ავტორი. მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენებზე, მათ შორის ქართულად. თავად იყო შესანიშნავი მთარგმნელი და სხვა მრავალთან ერთად, შესრულებული აქვს ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების თარგმანები ოსურ ენაზე.
მისი ლექსების ორენოვანი კრებული 2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. წარდგენილი იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოზე „ხელოვნების ქურუმი“.
„ნაფი ჯუსოითის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართველი და ოსი ხალხისთვის. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ოსური მწერლობის და კულტურის განვითარებაში. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მთლიანად ოს ხალხს ამ დიდი დანაკარგის გამო“ - აცხადებს შერიგებისა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი
ნაფი ჯუსოითი 25 ივნისს ვლადიკავკაზში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.