ქეთევან ციხელაშვილი ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა

27 ივნისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობა, კერძოდ კი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიმართულებით წარმოებული მუშაობა განიხილეს. აღინიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებელი სამუშაოები ინტენსიურად და ეფექტურად მიმდინარეობს და ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა სრულად აპოლიტიკური და ჰუმანიტარული ხასიათისაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით ქართულ და აფხაზურ მხარეებთან თანამშრომლობით, უკვე ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშტის მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხერხდა, რაც ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა და ბილიანა მილოშევიჩმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.