ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება

28 ივნისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრები გამართა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში გეორგი ბალანთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან.

სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოლდოველ კოლეგებთან ერთად სამშვიდობო მიდგომები და ხედვები განიხილა. შეხვედრების მონაწილეებმა ქეთევან ციხელაშვილს კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დნესტრისპირეთთან მიმართებაში განხორციელებული ინიციატივები გააცნეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ კონფლიქტის მოგვარების პროცესისადმი მიდგომები, ხედვები და გამოცდილება. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს მოლდოველ კოლეგებთან. ერთმანეთს ასევე გავუზიარეთ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჩართულობის შესაძლებლობებზე, ნდობის მშენებლობის პროცესზე, სხვადასხვა სერვისზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შესახებ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრებში მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე მონაწილეობდა.