შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ, პეტრე კანკავამ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებზე. მათ ადგილობრივ მეწარმეებს და ფერმერებს დეტალურად გააცნეს სარგებელი და პერსპექტივები, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებში ეძლევათ.
„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ადგილობრივ წარმოებას და მთლიანად მოსახლეობას მოუტანს. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ჩვენი აპარატი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა, მოსახლეობისთვის აქტუალური თემატიკის საინფორმაციო შეხვედრების გამართვა“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა.