მინისტრის ხედვა

სამშვიდობო პოლიტიკა 8 მთავარ ამოცანას ითვალისწინებს"

სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები საქართველოს ხელისუფლების ამოცანასა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულ ხაზს მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული; საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ქვეყნის დეოკუპაციას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებას. ამავე დროს უკავშირდება ერთიანი მომავლის ხედვას ერთიან ევროპულ საქართველოში, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ევროპული მოდელის სახელმწიფოს მშენებლობა არის კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები. მოუგვარებელი კონფლიქტი და არსებული ვითარება არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში არ შედის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სამშვიდობო პროცესმა შეიძინოს მეტი დინამიკა. საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ინტერესი არის მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანასა და რეგიონში, რაც არ უნდა გაიგივდეს არსებული ვითარების სტაბილიზაციის
მცდელობასთან. სწორედ კონფლიქტის მოგვარება არის მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია უფრო დინამიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების, შექმნილი ვითარების ტრანსფორმაციისა და შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნისაკენ. სამშვიდობო პოლიტიკა 8 მთავარ ამოცანას ითვალისწინებს.


სამშვიდობო პოლიტიკის 8 ამოცანა:

 

ამოცანა 1: მშვიდობის დაცვა და უზრუნველყოფა

საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ძალისხმევას მშვიდობის დაცვის, უსაფრთხოების რისკებისა და შესაძლო პროვოკაციების განეიტრალების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის და სუვერენიტეტის განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ეკონომიკური განვითარების ვექტორის დაცვისაკენ, რაც კონფლიქტების მშვიდობიანი და წარმატებული მოგვარების წინაპირობაა. კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა არის ცალსახად მშვიდობიანი. საქართველოს არჩევანი და განვითარების კურსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. საქართველო დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებაში, არის და მომავალშიც იქნება საიმედო პარტნიორი, რომელიც საკუთარ პოლიტიკას დემოკრატიულ ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით აყალიბებს.


ამოცანა 2: დეოკუპაცია და დეესკალაცია - რუსეთთან მიმართებაში

საქართველო გააგრძელებს დეოკუპაციის მიმართულებით ძალისხმევას, იქნება შეურიგებელი და პრინციპული ამ მიმართულებით, როგორც რუსეთთან საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები), ისე საერთაშორისო ზეწოლის მობილიზებითა და ყველა რელევანტური პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სამართლებრივი მექანიზმის ეფექტურად გამოყენების გზით.
პარალელურად, იდგმება ნაბიჯები დეესკალაციის და გარკვეულ სფეროებში ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით (აბაშიძე-კარასინის ფორმატი), რაც საქართველოს მშვიდობიან და კონსტრუქციულ მიდგომებს ადასტურებს.


ამოცანა 3: პირდაპირი დიალოგი, ნდობის მშენებლობა, შერიგება - აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში

არის ბევრი ფაქტორი რაც დღეს გვაშორიშორებს, მაგრამ ბევრი რამ გვაერთიანებს კიდეც. ეს არ არის მხოლოდ წარსული, არამედ მომავალზე ორიენტირებული ხედვა. ჩვენ გვაკავშირებს ერთად თანაცხოვრების გამოცდილება, ნათესაობა და შერეული ოჯახები, მაგრამ ასევე, კონფლიქტის მძიმე გამოცდილება, რამაც მუდმივად უნდა შეგვახსენოს ორი რამ, რაც საერთო ინტერესშია:
- აღარ უნდა დავუშვათ ომი, დაპირისპირება, პროვოკაციებში ჩათრევა.
- უნდა ვიზრუნოთ უკეთეს, მშვიდობიან მომავალზე. მშვიდობიან მომავალზე ზრუნვა კი აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების აღმოფხვრას, დიალოგს და შერიგებას.


ამოცანა 4: საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, პრობლემების გადაჭრის სტატუს ნეიტრალური და ჰუმანიტარული ფორმატები

არსებული ვითარება და მოუგვარებელი კონფლიქტი არ შედის არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესში.
 მზად ვართ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ვიმსჯელოთ ერთობლივ ინტერესებზე, პრაგმატულ გამოსავლებსა და ახალ ინიციატივებზე, განვითარებასა და უკეთესი მომავლის პერსპექტივებზე, რაც მოსახლეობას დღეს არსებული მძიმე ვითარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. შესაძლებელია, მთელი რიგი საკითხების გადაჭრა პოლიტიზირების გარეშე, შეთანხმებით, ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სტატუს-ნეიტრალური ფორმულების და მექანიზმების გამოყენებით.


ამოცანა 5: კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა 

საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი, ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებებია. შესაბამისად, პრიორიტეტულია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ შესაძლებლობები მათთვის ღირსეული აწმყოსა და მომავლისათვის, რათა ისინი არ იქცნენ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების გრძელვადიანი პროცესის მძევლად. აქ იკვეთება სამი სამიზნე ჯგუფი და პრიორიტეტულია:
- გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა
, მათ საჭიროებებზე ზრუნვა და ამ რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები,
 მათი უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული პირობების გაუჯობესება, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, [თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მოწყვლადია გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა.]
- იძულებით გადაადგილებული პირები
 - ერთი მხრივ, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში, და მეორე მხრივ, საკუთარ სახლებში დაბრუნების განუყოფელი უფლების რეალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა


ამოცანა 6: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში მეტი მომსახურებისა და შესაძლებლობის შეთავაზება/ხელმისაწვდომობის გამარტივება 

გადაიდგმება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი და განხორციელდება კონკრეტული ინიციატივები იმისათვის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის გავაფართოვოთ და გავამარტივოთ იმ სიკეთეებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, რასაც სახელმწიფო ქმნის საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის, და ამავე დროს, მივცეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში და მიიღონ შესაბამისი სარგებელი.


ამოცანა 7: ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის და დაახლოების ფორმატებიდან გამომდინარე ახალი შესაძლებლობების და სარგებლის გაზიარება

ამ მიმართულებით სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა კონტროლირებადი ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მსგავსად, აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც იგრძნონ ის სიკეთე და ახალი შესაძლებლობები, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და სხვა თანამშრომლობის ფორმატებს უკავშირდება. საყურადღებოა, რომ ეს სარგებელი გულისხმობს არა მხოლოდ ხელშესახებ და გაზომვად მიმართულებებს, როგორიც არის უკეთესი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა, ვაჭრობა, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სიკეთეს, როგორიცაა დაცული იდენტობა, თვითმყოფადობა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დღეს მიმდინარე რუსიფიკაციის ფონზე, რეალურად საფრთხის ქვეშ დგას.


ამოცანა 8: სამშვიდობო პოლიტიკის ამოცანებისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა; საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენება/ ამოქმედება

საქართველოს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს. მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკასთან ერთად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩართულობის პოლიტიკა ზემოთ დასახული პრიორიტეტული ამოცანების ირგვლივ; განსაკუთრებით, ნდობის მშენებლობის და ხალხთაშორის კონტაქტების წახალისების მიმართულებით, სადაც დიდი პოტენციალი აქვს სახალხო დიპლომატიას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს.
ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, კონკრეტულ ნაბიჯებს და ახალ ინიციატივებს ითვალისწინებს. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ძალისხმევას ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, დიალოგით, თანამონაწილეობითა და საერთაშორისო მხარდაჭერით.