1944 წლის 15-17 ნოემბერს, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-cc დადგენილების საფუძველზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოს სსრ-იდან, შუა აზიაში გადასახლებულ იქნა, სამხრეთ საქართველოში - ძირითადად მესხეთის რეგიონში მცხოვრები 20 000-მდე ოჯახი. შემდგომი მიგრაციული პროცესების შედეგად გადასახლებული პირები და მათი შთამომავლები განსახლებულნი არიან აზერბაიჯანში, რუსეთის ფედერაციაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქეთში, უკრაინასა და აშშ-ში. 1970-იანი წლების ბოლოდან, საქართველოშიც დაბრუნდნენ გადასახლებულების შთამომავლები და დღეისათვის ცხოვრობენ გურიის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება (საპარლამენტო ანსამბლეა No. 209 გადაწყვეტილება (იანვარი, 1999 წელი)), რომელიც ითვალისწინებს საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტეგრაციის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის უფლების შესახებ სამართლებრივი ბაზის შექმნას.
2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი (№ 5261) “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”, რითაც სახელმწიფომ გადასახლებულ პირთათვის და მათი შთამომავლებისთვის შექმნა შესაძლებლობა მოემართათ სახელმწიფოსთვის და დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოიპოვებინათ რეპატრიანტის სტატუსი, რაც შემდგომში, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებდა. კანონში გათვალისწინებულია სამართლიანობის აღდგენის, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპები და ეტაპობრივი რეპატრიაცია.
კანონით დადგენილ ვადებში რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნით წარმოდგენილ იქნა 5841 განაცხადი, საიდანაც ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვით რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა 1998 პირს (სტატუსის მინიჭება მოხდა განაცხადის წარმოდგენის დროისათვის სრულწლოვანი პირისათვის; განაცხადში წარმოდგენილი არასრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭება მოხდა ავტომატურად).
რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, რაც მათ ათავისუფლებს სხვა უცხოელის მიმართ დადგენილი მოთხოვნებისგან. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის ვადაში მიმართონ უფლებამოსილ ორგანოს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს პირობადებული მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ ბრძანებულების გამოცემიდან 5 წლის ვადაში მათ უნდა დატოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
დღეის მდგომარეობით, პირობადებული მოქალაქეობა მიენიჭა 494 რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს - ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფოს მომართა მოქალაქეობის მისაღებად.
2011 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობის N111 დადგენილებით ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომლის უფლებამოსილებაა რეპატრიაციის საკითხების რეგულირების პროცესში ჩართული უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და საკითხთან მიმართებაში კონკრეტული ინიციატივებისა და რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა.
საქართველოს მიერ ვალდებულების შესრულებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი 2014 წლის 12 სექტემბერს ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის მიღებით გადაიდგა, რომლითაც გაცხადებულია სახელმწიფოს ხედვა რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და შემდგომ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით.