ჟენევის მოლაპარაკებების 23-ე რაუნდი

30 March 2013

პირველმა სამუშაო ჯგუფმა უსაფრთხოების, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფმა ჰუმანიტარული, მათ შორის დევნილთა დაბრუნების საკითხები განიხილა.

ქართულმა დელეგაციამ ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ კიდევ ერთხელ, ამჯერად საპარლამენტო რეზოლუციით ცალმხრივად აღებული ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოუწოდა რუსეთს შემხვედრი ნაბიჯის გადადგმისაკენ. ასევე ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილებოდა ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, შესაბამისად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

მეორე ჯგუფის მუშაობა საქმიან ვითარებაში წარიმართა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი საქმიანი და კონსტრუქციული მიდგომა, ამავდროულად, პრინციპულად დააყენა ყველა საკითხი, რომელიც ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვდა. კრიტიკულად დაისვა და დიდი დრო დაეთმო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადილების შესახებ არსებული პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტის საკითხს.

ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთდა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფლებებზე, მათთვის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის კვეთით ჯანდაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, განათლების შეუფერხებელ ხელმისაწვდომობაზე, ასევე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობებზე. მწვავედ დაისვა ცხინვალის რეგიონში მიმოსვლისათვის დამატებითი ხელოვნული ბარიკადების, მათ შორის მავთულხლართების აღების აუცილებლოვბის საკითხი. გაეროს მხრიდან შემოთავაზებული იქნა ე.წ. ჰუმანიტარული ვიზიტების თემა, რაზეც მუშაობა გაგრძელდება. ასევე, განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი და ამასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებები. განხილული იქნა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების თემა, რომელიც ოკუპირებულ და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაეებისათვის მნიშვნელოვანია (გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების საკითხები), სადაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთელ დაადასტურა მისი კონსტრუქციული მიდგომა. ეს და სხვა დაკავშირებული თემები განხილული იქნა მეორე სამუშაო ჯგუფის ცენტრალურ თემასთან, დევნილების დაბრუნების საკითხთან ერთად. რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ამ თემის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მოუწოდა მონაწილეებს დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების განუყოფელი უფლებებიდან გამომდინარე, პრაქტიკული ასპექტების განხილვისაკენ.

ჟენევის დისკუსიების 24-ე რაუნდი 25-26 ივნისთვისაა დაგეგმილი.