კანონში ცვლილების განხილვა

2 April 2013

ცვლილების პროექტს პარლამენტის წევრებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი წარუდგენს.

კანონში შესატან ცვლილებას ციხელაშვილი დღეს, 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, 16:00 საათზე კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს გააცნობს.

"საპარლამენტო კომიტეტებში საქმიანი და აქტიური განხილვა მიმდინარეობს. ამ ცვლილებით კანონი ხდება სამართლებრივად გამართული და უფრო სამართლიანი, რაც ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. ცვლილება ასევე მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესისთვის. ამასთან, კანონი ინარჩუნებს მთავარ პრინციპსა და სულისკვეთებას და იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამდენად, იმედი გვაქვს, პარლამენტის წევრთა უმეტესობა ამ ცვლილების მიმართ დადებით პოზიციას დაიკავებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ოკუპირებული ტერიტორიებზე შესვლის პირველ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივის ნაცვლად ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა დაეკისრება, ასევე მიეცემა გაფრთხილება, ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლით დაისჯება.

აღნიშნული ცვლილების პროექტი ქეთევან ციხელაშვილმა 1 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა.