როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკვირველია, რატომ უკავშირებენ ამ ცვლილებებს მაინცდამაინც რუსეთს, როდესაც ინიციატივა დადებითად შეფასდა ევროპის და ამერიკის მხრიდან.
"ეს არის მტკნარი სიცრუე. წლების განმავლობაში, ამ კანონის მიღების დღიდან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშებში არის რეკომენდაცია, რომ კანონი გადაიხედოს. არაერთი რეკომენდაცია აქვს გაკეთებული ვენეციის კომისიას. ეს ინიციატივა უკვე დადებითად შეფასდა ჩვენი პარტნიორების, ევროპელებისა და ამერიკელების მიერ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს, კანონში ცვლილება 5-ჯერ განხორციელდა.
"რა შეფასებებიც ვრცელდება საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის კანონის პირველი რევიზია. ეს სიტყვა საერთოდ არ არის გამოსადეგარი სიტყვა. ცვლილებები ამ კანონში 5-ჯერ შევიდა. 3-ჯერ 2010 წლის განმავლობაში და ორჯერ 2011 წელს. მაშინ რატომღაც არ ყოფილა ამაზე დისკუსია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოირღვა და ა.შ. ჩვენ გვაქვს მინიმალური ჩასწორება კანონში, რომლის მიხედვითაც, კანონის პრინციპი არ იცვლება. ჩვენ ვახდენთ სასჯელის მოდიფიკაციას. დარღვევის შემთხვევაში არ არის აუცილებელი ადამიანი პირდაპირ ციხეში გავაქანოთ, დავსაჯოთ ოღონდ ჯერ ადმინისტრაციული წესით", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.