პრესკონფერენცია "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში

11 April 2013

ქეთევან ციხელშვილმა დეტალურად განმარტა დაგეგმილი ცვლილებები.

"ხშირად ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და მითების შექმნას. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ თითქოს, კანონი უქმდება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეხსნება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესის დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოსვლის გამო. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ კანონი არ უქმდება, ასევე უცვლელი რჩება დადგენილი წესები, კანონის პრინციპი და ვერც შეიცვლება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. იცვლება მხოლოდ დარღვევის პირველი შემთხვევისას პასუხისმგებლობის სახე - უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით დადგენილ წესს, დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით და მიეცემა გაფრთხილება აკრძალვის შესახებ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის კანონში პირველი ცვლილება და 2010 და 2011 წლებში კანონში უკვე ხუთჯერ შევიდა ცვლილება. ქეთევან ციხელშვილის განმარტებით, დაგეგმილ ცვლილებებს ცალსახად დადებითად აფასებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტების კითხვებს სხვა საკითხებზეც უპასუხა. კერძოდ, მან ადმინისტრაციულ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მავთულხლართების გავლების, რუსეთ-საქართველოს, ასევე ქართულ-აფხაზური ად ქართულ-ოსური ურთიერთობების თემებზე ისაუბრა.