ქეთევან ციხელშვილი ინფორმაციით წარსდგა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ინიციატივით გამართულ სხდომაზე, რომელშიც ამავე კომისიის, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წევრები მონაწილეობდნენ. გაერთიანებულ სხდომაზე ასევე გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის დისკუსიებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ზალკანიანი.
მსჯელობა შეეხო ჟენევის დისკუსიების მიმართულებით არსებულ პრობლემატურ თემებს, ასევე პროცესის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანი ფორმატია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში, ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ამ ფორმატში განიხილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებებით უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. მან დისკუსიების ბოლო სამი რაუნდის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა.
"ჟენევის დისკუსიების ყველა რაუნდზე ვაფიქსირებთ მოქნილ და კონსტრუქციულ პოზიციას. ამასთან, მუდმივად კონკრეტულ საკითხებზე ვართ ფოკუსირებული. მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხების გადაჭრის შესაძლებლობა უფრო მეტად ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფში არსებობს. ვაფიქსირებთ, რომ მწვავედ დგას ჰუმანიტარული პრობლემები, გადაუდებელი საჭიროებები, ადამიანის უფლებების დაცვა, რაც არ შეიძლება შექმნილი ვითარების მძევლად იქცეს. ამ ჯგუფში მუდმივად ვაყენებთ და განვიხილავთ თავისუფალი გადაადგილების და გამყოფ ხაზებზე ფორტიფიკაციების გავლების პრობლემებს. მთელი ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია პრაგმატული მიდგომით, თუმცა, სამწუხაროდ, ფორმატის შეცვლის შეცვლის მცდელობების გამო პროცესი ზარალდება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა დახურულ სხდომაზე გამოსვლისას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კითხვებსაც უპასუხა.