ჯგუფის წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ტანგიაშვილი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი თუმანიშვილი შეხვდნენ.
ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობისა და გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და გამოცდილების გაზიარება სთხოვეს.
"ახალგაზრდულ პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა კომისია, რომელიც უშუალოდ რეინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს და აქვს კონკრეტული პროექტები. სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს ჩვენი გეგმები გავაცანით და შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე. კერძოდ, აპარატი დახმარებას გაგვიწევს რჩევებითა და რეკომენდაციებით. ამდენად, იმედი გვაქვს, რომ მომავალში აქტიურად ვითანამშრომლებთ", - განაცახდა ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარეხი გვარამაძემ.
სახელმწიფო მინისტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ტანგიაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა საინეტრესო და სასარგებლო იყო.
"მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ასე აქტიურად მუშაობენ რიგ საკითხებზე, მათ შორის, რეინტეგრაციისა და კონფლიქტების მიმართულებით. მათ აქვთ ბევრი საინტერესო იდეა და დიდი ენთუზიაზმი, რომ შეასრულონ საკუთარი როლი ერთმანეთისგან დაშორებულ მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენაში. ჩვენ მივესალმებით ამას და ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ, რაც ჩვენ ძალაში შედის", - განაცხადა ნოდარ ტანგიაშვილმა.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი თუმანიშვილმა კი განაცხადა, რომ ახალგაზრდულ პარლამენტთან კონკრეტულ საკითხებზე და თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს.
"ახალგაზრდული პარლამენტის წევერბს ჩვენი აპარატის საქმიანობა გავაცანით, ასევე მოვისმინეთ მათი გეგმები და ინტერესები. გამოიკვეთა საერთო ინტერესთა სფეროები, მათ შორის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჩვენგან რჩევებს მიიღებენ", - განაცხადა გიორგი თუმანიშვილმა.