ციხელაშვილი ჭაბურღილზე მიმდინარე ბურღვით სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად გაეცნო.
როგორც სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ქეთევან ციხელშვილმა აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად გადაიჭრება სოფლის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა.
"სამწუხაროდ, ეს საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი იყო. ამასთან, ზარდიანთკარისა და სხვა სოფლების მოსახლეობას კიდევ ბევრი სხვა პრობლემა აწუხებს. ჩვენი აპარატის კოორდინაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად შექმნილმა უწყებატაშორისმა ჯგუფმა დაასრულა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების საჭიროებების შესწავლა. შემდგომ ეტაპზე კი დაჩქარებულ რეჟიმში განვსაზღვრავთ და დავიწყებთ პროექტების განხორციელებას, რათა მოსახლეობას დავეხმაროთ მათი საჭიროებების მიხედვით. ეს ოჯახები განსაკუთრებულად დაზარალდნენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით, ასევე მავთულხლართებისა და სხვა სახის დაბრკოლებების აღმართვით. ბევრ ოჯახს აღარ აქვს წვდომა საკუთარ კარმიდამოსა და ბაღებზე, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სახელმწიფოს აქვს მტკიცე გადაწყვეტილება, ამ ადამიანებს საქმით დავუდგეთ გვერდში. ეს ჭაბურღილი არის ერთ-ერთი პირველი პროექტი. მცირე ხანში მთავრობა შეძლებს კიდევ მეტი აქტივობის განხორციელებას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე, გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე.
"ჩვენ არანაკლებად გვაწუხებს ის პრობლემები, რომლებიც გამყოფი ხაზების მიღმა დარჩენილ მოსახლეობას აქვს და გვესმის, რომ ეს ადამიანები არ არიან უკეთეს მდგომარეობაში. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანების საჭიროებები და კეთილდღეობაა", - განაცახდა ქეთევან ციხელაშვილმა.
თენგიზ შერგელაშვილმა კი აღნიშნა, რომ ბურღვითი სამუშაოები ამჟამად ზარდიანთკარსა და კოშკაში მიმდინარეობს და პირველი შედეგები აგვისტოს ბოლოსთვის იქნება. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით კი, მსგავსი ჭაბურღილების მშენებლობა კიდევ ორ სოფელში იგეგმება და ოთხივე ჭაბურღილის პროექტის დასრულების ვადა სექტემბრის ბოლოა.
პატარა ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების - ზარდიანთკარის, დიდი ხურვალეთის, გუგუთაანთკარისა და კოშკას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მიზანი მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებაა.
ვიდეო იხილეთ მოცემულ ბმულზე