IDFI -ის ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის

12 September 2013

სპეციალური ჯილდო სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ქეთევან ციხელაშვილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გადასცა. IDFI-მა საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოავლინა. კვლევის შედეგები დღეს ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მან კვლევის ორგანიზატორებს ჩატარებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ასრულებს დანაპირებს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების შესახებ.

როგორც კვლევის შედეგების პრეზენტაციისას ლევან ავალიშვილმა განაცხადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და კითხვებზე გაცემული პასუხების მაჩვენებელმა 90%-ს მიაღწია. მან დაასახელა ის საჯარო დაწესებულებები, რომლთაც ნომინაციაში "2012-1013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელსმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის" სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. აღნიშნულ ნომინაციაში დაჯილოებულთა შორის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დასახელდა.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისსტრის აპარატმა ეს ჯილდო მიიღო. დღევანდელ პრეზენტაციაზე გამოიკვეთა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საგრძნობლად გაიზარდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და იმის მაჩვენებელი, რამდენად უფრო გამჭვირვალე გახდა საჯარო დაწესებულებები საზოგადოებისთვის. ეს ძალიან კარგი და ჯანსაღი ტენდენციაა, რადგან, მიმაჩნია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. არასამთავრობო სექტორის ამგვარი ინიციატივები სასარგებლო და მნიშვნელოვანია", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge"-ს ფარგლებში ჩაატარა.

იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე