შეხვედრაში ქართული მხრიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, მიმდინარე საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესის უკანონობაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ პროცესის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობისას მოსახლეობის უსაფრთხოების ზომებზე, ივნისსა და ივლისში მომხდარ ინციდენტებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ, რუსული საფრენი აპარატების მიერ განხორციელებულ დარღვევებზე.
მწვავე კამათი გაიმართა ახლო მომავალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაგეგმილი ახალი რეგულაციების შესახებ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო - 38-ე შეხვედრა ერგნეთში 18 ოქტომბერს გაიმართება.