ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა

18 September 2013

"სამწუხაროდ, რუსეთი საერთაშორისო ნორმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით აგრძელებს ამ უკანონო ქმედებებს - ივლება მავთულხლართები, რაც არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს პროცესი უხეშად არღვევს და ზღუდავს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების უფლებებს. ამიტომ სრულიად გასაგებია მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი. ქართველი სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინციდენტს და მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ასევე, ადგილზე იქნებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. მისიამ გუშინ უკვე გაავრცელა განცხადება და მხარეებს მოსახლეობის პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთშორისო თანამეგობრობასთან. კიდევ ერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების საკითხს ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე.

"რა თქმა უნდა, ამ თემას მომდევნო რაუნდზე ორივე სამუშაო ჯგუფში დავაყენებთ. ეს კიდევ ერთხელ გამოკვეთს აუცილებლობას, რომ ჟენევაში უნდა გავაგრძელოთ საუბარი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, რომელიც არის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.