შეხვედრა სოფელ კირბალის მოსახლეობასთან

24 September 2013

შეხვედრაზე კირბალისა და გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფლების, მათ შორის ქარელის, კასპისა და დუშეთის რაიონების სოფლების მცხოვრებნი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მათ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს და მოსახლეობის პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

"ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დაწვრილებით შევისწავლოთ ის პრობლემები, რომლებიც აქვს ამ მოსახლეობას. მთავრობა მაისიდან ახორციელებს სპეციალურ პროგრამას. პროგრამის მიზანია, ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმებულია იმ სამწუხარო მოვლენების გამო, რომლებიც მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წელია, ვგულისხმობ მავთულხლართებისა და სხვადსხვა ხელოვნური დაბრკოლებების გავლების პოლიტიკას. საქართველოს მთავრობას აქვს ორი ძირითად ბერკეტი. ერთის მხრივ, საერთაშორისო კომუნიკაციის ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამშვიდობო ინსტრუმენტს ვიყენებთ. მეორეს მხრივ კი, სახელმწიფოს პასუხი არის ის, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, არ დატოვოს საცხოვრებელი, ჩვენ არსად წასვლას და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ამ ადამიანებს ცხოვრების ნორმალური პირობები უნდა შევუქმნათ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დავით ნარმანიამ რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლებში - ზარდიანთკარსა და კოშკაში იჭაბურღილების საშუალებით სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრება. მისივე განცხადებით, წლის ბოლომდე სამუშაოები დაიწყება კიდევ 2 ჭაბურღილზე - გუგუთიანთკარსა და დიდ ხურვალეთში.

"ზამთრისწინა პერიოდში კი მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით გაზიფიცირებისა და სათბობით უზრუნველყოფის მოთხოვნაა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი უკვე შესრულებულ პროექტებზე და მივიღოთ ინფორმაცია მათ საჭიროებებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრაზე მისულმა სხვადასხვა თემისა და სოფლის წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებს მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე