ქეთევან ციხელაშვილი დიპლომატებთან ერთად გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა

4 October 2013

კერძოდ, მთავრობის წევრები და დიპლომატები სოფლებში - დიდ ხურვალთში, დიცსა და დვანში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ, დაათვალიერეს რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართები და ღობეები, შეხვდნენ მოსახლეობას.

"ეს მიუღებელია ყველანაირი თვალსაზრისით - სამართლებრივი თუ ჰუმანიტარული. ელჩების დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ მსოფლიო ამ პროცესს ეუბნება არას. ამ მავთულხლართების უკან ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ფაქტობრივად, საკუთარი კარმიდამო ორად გაუყვეს და ეს ყველაფერი არანაირ ნორმაში არ ჯდება. ელჩებს თანადგომისთვის მადლობას ვუხდით. დღეს მათი აქ ჩამოსვლა იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობან მხარს გვიჭერს", - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ დავით ზალკანიანმა საერთაშორისო თანამეგორბობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მივწოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩებმა საკუთარი თვალით ნახონ ადგილზე შექმნილი ვითარება. ჩვენ ეს დაგვეხმარება საერთაშორისო თანამეგრობობის მხრიდან იმ მცდელობების კონსოლიდაციაში, რომელიც საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენ მომავალში ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით დიპლომატებს. როცა ოცდამეერთე საუკუნეში ირღვევა ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ამის წინააღმდეგ ხმა უნდა აიმაღლოს და აუცილებელია, მოვახდინოთ საერთაშორისო თანამერობრობის მხარდაჭერა", - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

ელჩების შეფასებით, აღნიშნულ სოფლებში მტკივნეული და ტრაგიკული ვითარებაა შექმნილი.

"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ნახვა. ადამიანების ნორმალური ცხოვრება დარღვეულია. ისინი ვერ მიდიან ნათესავების საფლავებზე, არ აქვთ წვდომა წყალზე, მინდვრებზე. ეს სერიოზული ჰუმანიტარული დრამაა. ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება და გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ ეს საკითხი წინ წამოვწიოთ", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა.

აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მავთულხლართები და ღობეები ბერლინის კედელს შეადარა.

"აქ ტრაგიკული ვითარებაა. ეს მე ბერლინის კედელს მაგონებს, როცა ხელოვნური ბარიერებით ადამიანებს ხელს უშლიან და ისინი ვერ ახერხებენ თავის მიწაზე, ნათესავების საფლავებზე გასვლას. იმის მიუხედავად, რომ ჟენევაში მიდმინარეობს დიპლომატიური მოლაპარაკებები, ეს უფრო ჰუმანიტარული, ადამიანური ასპექტია, რომლის მოგვარებაც ადამიანურ დონეზე შესაძლებელია", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

იხილეთ ვიდეო სიუჟეტი მოცემულ ბმულზე