დროებითმა სამთავრობო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

16 October 2013

სხდომას კომისიის თავმჯდომარე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და თანათავმჯდომარე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. დღევანდელ სხდომაში ასევე მიიღეს მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში USAID წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სტივ ჰაიკინმა.

კომისიის წევრებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე იმსჯელეს, კერძოდ - გაზიფიცირების, ელექტროგამრიცხველიანების, შეშით მომარაგების, სოციალური დახმარების დარეგულირების, ამბულატორიების მშენებლობის, მიწების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობების გაცემის, განათლების, სკოლების რეაბილიტაციის საკითხებზე.

"ჩვენ ბოლო დღეებში 40-მდე სოფელი მოვიარეთ და ყველგან არის გამრიცხველიანების პრობლემა. მოსახლეობას ვუცხადებდით, რომ გამრიცხველიანება ერთ წელიწადში იქნებოდა დასრულებული, თუმცა, დღეს ენერგეტიკის სამინისტრომ დაგვიდასტურა, რომ გამონახავს ამ პროცესის 6 თვეში დასრულების საშუალებას. ასევე 6 თვეში დასრულდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირება, რაშიც თავად ოჯახებს არაფერი დაეხარჯებათ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის და ის, რაც 5 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, გაკეთდება 6 თვეში. სხვა საკითხებიც, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ, სამუშაო რეჟიმში გადაწყდება", - განცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დავით ნარმანიას განცხადებით, დასახული გეგმების რეალიზებისთვის 20 მილიონი ლარია საჭირო.

"შეშით უზრუნველყოფა დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ჯდება, თუმცა, საჭირო შეშის ნაწილი არსებობს ფინანსთა სამინისტროში და მოხდება მოსახლეობისთვის ამ შეშის გადაცემა. დამატებითი რაოდენობის გამონახვის მიზნით შევხვდებით ლიცენზიანტ კომპანიებს და შევიტყობთ, რამდენად შეძლებენ ისინი საჭირო რაოდენობის შეშის მოწოდებას. ასევე ვისაუბრეთ ამბულატორიების მშენებლობის, განათლების, კერძოდ კი სტუდენტებისთვის დახმარების, მიწის რეგისტრაციის და პირადობის მოწმობების გაცემის საკითხებზე. მთლიანობაში საჭირო 20 მილიონი ლარის ნაწილით უნდა დაფინანსდეს ის ღონისძიებები, რაც წლის ბოლომდე მოესწრება. დანარჩენი ღონისძიებები, მათ შორის გაზიფიცირება, მომავალი წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ამჟამად გვაფერხებს საარჩევნო კოდესქსის 49-ე მუხლი, რომელიც ვიდრე არჩევნების შედეგები არ გამოცხადდება, დამატებითი დაფინანსების გამოყოფას გვიკრძალავს. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი უწყებების ბიუჯეტების და არსებული პროგრამების ფარგლებში გავაგრძელებთ სამუშაოებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სტივ ჰაიკინმა USAID-ს ჩართულობაზე ისაუბრა.

"ჩემი მიზანი იყო, მიმეღო უფრო დეტალური ინფორმაცია დღეს არსებული საკითხების შესახებ. მოკლედ მიმოვიხილე ის პროექტები, რომლებსაც USAID ახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გზებისა და საირიგაციო სისტემების მიმართულებით. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა საზოგადოებასთან მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრის და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით. დგება საკითხი, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სახელმწიფოს გადაუდებელ საჭიროებებს უპასუხოს", - განაცხადა სტივ ჰაიკინმა.

დროებითი კომისიის შემდეგი სხდომა 29 ოქტომბრისთვის დაინიშნა.

ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე