კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და კომისიის თანათავმჯდომარე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღეს 10-მდე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
კომისიის წევრებმა ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. პაატა ზაქარეიშვილმა მოსახლეობას აცნობა, რომ 6 თვეში გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდება.
"ამაში მოსახლეობა ერთ თეთრსაც არ გადაიხდის და ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს. გაზიფიცირების დასრულებამდე კი დავიწყებთ შეშით მომარაგებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად ჩვენს მიერ ნავარაუდები 1 წლისა, 6 თვეში მოხერხდება ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება. ჩვენი მზიანია, ხელი შევუწყოთ მოსახლეობას, დარჩნენ თავის სოფლებში და აქ გაძლიერდნენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
დავით ნარმანიამ წყალმომარაგებისა და გზების რეაბილიტაციის საკითხებზე ისაუბრა.
"ორ სოფელში უკვე გავაკეთეთ სასმელი წყლის მოპოვებისთვის ჭაბურღილები, ამჟამად კიდევ ორ სოფელში მიმდინარეობს ანალოგიური სამუშაოები და თანდათანობით სხვა სოფლებსაც მოვიცავთ. ასევე იგეგმება გზების რეაბილიტაცია. ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რომელ სოფელში რა კონკრეტული საჭიროება დგას. მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რაც შეიძლება ბევრი პროექტი და პროგრამა უნდა განვახორციელოთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. ეს სამუშაოები არჩევნების შემგომ კიდევ უფრო გააქტიურდება, რადგან არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით შეზღუდულები ვართ ახალი პროგრამების ინიცირებაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ლია გიგაურის ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლებში გადაიჭრება კომუნიკაციის პრობლემა - ყველა სკოლაში დაიდგმება რესურს-ცენტრებთან და სამინისტროსთან პირდაპირ დამაკავშირებელი ტელეფონი და და სკოლები ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მუდმივი ინტერნეტით. მისივე განცხადებით, განათლების სამინისტრო სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს სკოლების სპორტული დარბაზებისთვის სპორტული ინვენტარის გადაცემას.
დავით ლომიძემ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ამბულატორიების მშენებლობის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ამ სოფლების მოსახლეობას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა უზრუნველყოფილი ჰქონდეს.
ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე