დროებითმა სამთავრობო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

29 October 2013

კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და თანათავმჯდომარემ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კომისიის წევრებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებისას მიღებული ინფორმაცია გააცნეს. სხდომაზე იმსჯელეს ზამთრის სეზონისთვის მოსახლეობისთვის გათბობის პრობლემის მოგვარების გზებზე. კეროდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა კონკრეტულად სათბობით უზრუნველყოფის მიზნით 200 ლარიან დახმარებას მიიღებს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც შეშის შესაძენად, ისე ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად. დახმარების გაცემის მექანიზმს კომისიიას ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს გაზიფიცირების გრაფიკზე, სკოლების, ბაღებისა და ამბულატორიების რეაბილიტაცისა და მშენებლობაზე, სტუდენტების დახმარებაზე, საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის მიმართულებით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კომისიის წევრებმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოვიარეთ გამყოფ ხაზთნ მდებარე სოფლების უმეტესობა და შევხვდით მოსახლეობას. ადგილობრივებისგან მიღებული ინფორმაციით, რომ ხშირ შემთხვევაში მათი დაზიანებული სახლები არ იქნა აღდგენილი, ამ მიზნით გამოყოფილი თანხა კი გახარჯულია. თუმცა, ჩვენი კომისიის მთავარი ამოცანა არა გამოძიება, არამედ ხალხის დახმარებაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ 11 ნოემბერს გაიმართება საკოოორდინაციო შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან.

"დონორებს მივაწვდით იმ საჭიროებათა ნუსხას, რომელთა მოსაგვარებლად დახმარება გვჭირდება, მათ შორის დაზიანებული სახლების მონაცემებს. დღეს განვიხილეთ განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, განათლების სამინისტროს შეეძლება, სწავლის გადასახადისაგან გაათავისუფლოს გამყოფ ხაზის მიმდებარედ მცხოვრები 50 სტუდენტი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი იმუშავებს წყლის სატუმბი სადგურების რეაბილიტაციაზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიდეო სიუჟეტის სანახავად იხილეთ ბმული