ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
"გამყოფ ხაზზე მავთუხლართებისა და სხვა ხელოვნური ზღუდეების პრობლემა ამ რაუნდის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად დავაყენეთ. აღვნიშნეთ ის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომლებსაც მოსახლეობისთვის ეს ხელოვნური ბარიერები იწვევს. კერძოდ, ადგილობრივებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, რის შედეგადაც მათ აღარ აქვთ წვდომა საკუთარი მიწის ნაკვეთებზე, სამედიცინო მომსახურეობაზე, სრულფასოვან განათლებაზე, ექმნებათ დამატებითი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ამასთან, ხელი ეშლება ხალხთა შორის კონტაქტს. ეს ყველაფერი მძიმედ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ასევე, ვიმსჯელეთ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებზე, განსაკუთრებით, გალისა და ახალგორის რაიონების ქართული მოსახლეობისათვის. გარდა პრობლემების იდენტიფიცირებისა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების გზების გამონახვისთვის, რასაც დისკუსიების თანამოდერატორებმა მხარი დაუჭირეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განცხადებით, ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა დღეს დევნილების დაბრუნების თემაზეც იმსჯელა. "ამ თემაზე გაიმართა საფუძვლიანი დისკუსია. აღვნიშნეთ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ დევნილების დაბრუნების პრობლების გადაჭრაა. კიდევ ერთხელ დადასტურდა დევნილთა დაბრუნების განუყოფელი უფლება. დღეს ამ თემაზე გამართული დისკუსია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი თემაა და ამ ფორმატში ეს საკითხი აუცილებლად იქნება კვლავაც დაყენებული", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. დისკუსიების მომდევნო რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართება.