საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მათ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული პრობლემებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გახსნა და სტუმრებს სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დროებითი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ძირითადი პრობლემები და მთავრობის მიერ წარმოებული პროექტები გააცნო.
კომისიის თანათავმჯოდმარემ პაატა ზაქარეიშვილმა გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების საპასუხოდ ქართულ სამშვიდობო პოლიტიკასა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა კი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებების დეტალური პრეზენტაცია გამართა.
"დღევანდელი წარმომადგენლობითი შეხვედრა ადასტურებს ჩვენი პარტნიორების დაინტერესებას, ჩაერთონ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების საქმეში. ჩვენ მათ წარვუდგინეთ როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით თითოეული მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობის სრული სურათი, ასევე, გავაცანით ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. აღვიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებითაც, რომ გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილმა მოსახლეობამ დაინახოს როგორ ეხმარება დასავლეთი საქართველოს სამშვიდობო კურსს და ამ ფონზე როგორ მოქმედებს რუსეთი. ამდენად, მთელი ეს სამუშაო მიმართული იქნება არა მხოლოდ ჰუმანიტარული საჭიროებების, არამედ კონფლიქტის მოგვარებისკენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
"კომისიის ფორმატით დონორებთან ასეთი მასშტაბური შეხვედრა პირველად გაიმართა. ჩვენ მათ გავაცანით ის საჭიროებები, რომლებიც ამ სოფლებში არსებობს და რომელთა მოგვარებაც საბიუჯეტო სახსრებით ვერ ხერხდება. ბევრი მათგანისთვის ეს ინფორმაცია სიახლე და მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები", - განაცახდა დავით ნარმანიამ.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე