უწყებათაშორისი კომისიის შექმნა

25 November 2013

"საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქვს. ეს ურთიერთობა საკონსტიტუციო ხელშეკრულებით, ე.წ. კონკორდარით რეგულირდება. სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან კი სახელმწიფოს არანაირი სამართლებრივი ბმა არ გააჩნია. ეს იწვევს სხვადასხვა გაუგებრობას, მაგალითად, საკულტო ნაგებობის კანონიერების განსაზღვრის, რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების წყაროების და სხვა მსგავს საკითხებზე. სწორედ ამგავრი საკითხების მოსაწესრიგებლად შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის წინაშე შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს წარმოადგენს", - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის 25 ნოემბრის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, კომისიაში რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ასევე რეინტეგრაციის საკითხებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების აპარატების წარმომადგენლები შედიან.