ევროკავშირი მიესალმება პაატა ზაქარეიშვილის უწყების ახალ დასახელებას

20 December 2013

დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე, ევროკავშირის ელჩებთან შეთანხმებით გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც "ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის უწყებას ეწოდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო". ამასთანავე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ნაბიჯები აფხაზებსა და ოსებთან პრაგმატული თანამშრომლობის მიმართულებით.

განცხადებაში საუბარია აგრეთვე, ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე, რომელიც მიესალმება ცვლილებებს "კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", თუმცა აღნიშნულია, რომ "არსებობს კანონის შემდგომი გაუმჯობესების პოტენციალი. წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განიხილოს ეს რეკომენდაციები".

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ ადასტურებს ევროკავშირის ელჩების ძალისხმევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ჩართულობის გაღრმავების მიმართულებით. მიიჩნევს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა შორის პირდაპირ კონტაქტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შერიგების საქმეში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მშვიდობისა და შერიგებისათვის მომუშავე ყველა მხარის ძალისხმევას, პრაგმატიზმსა და შემართებას აფასებს და მათ გამბედაობასა და ენერგიას უსურვებს.

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ:

განცხადების სრული ტექსტი ქართულად

განცხადების სრული ტექსტი ინგლისურად