ქეთევან ციხელაშვილმა თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა

15 January 2014

გორში, თავდაცვის აკადემიაში გამართული ლექციის თემა კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და ხედვები იყო.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფ ხაზებსა და მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარება გააცნო. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე. ციხელაშვილმა ისაუბრა საქართველოს პოლიტიკის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური აქვს წინ.

"კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება და ამ პრინციპებიდან პირველი მშვიდობაა. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან და არაძალისმიერ ხედვებს ეფუძნება. მთლიანობაში ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო, პრაგმატული, რაციონალური. ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზე ორიენტირებული. ასევე, მნიშვნელოვანი პრინციპია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან პირდაპირი კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული", - განაცხადა ქეთევან ციხელაშილმა.

მან კურსანტების კითხვებსაც უპასუხა. ისინი დეტალურად დაინტერესდნენ მავთულხლართების გავლების პროცესითა და ამ პროცესის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობით. მსჯელობა ასევე შეეხო კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო მექანიზმების მნიშვნელობას, რომელთა აქტივობა არაღიარების და დეოკუპაციის პოლიტიკასთან ერთად ფოკუსირებული იქნება ხალხთა შორის კონტაქტის წახალისებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამ გზით საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერაზე.