„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“ შეიქმნა

7 February 2014

"მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო". დღევანდელ სხდომაზე ასევე, დამტკიცდა დებულება. ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც რელიგიურ საკითხებში პოლიტიკას განახორციელებს. ამ დრომდე ამგვარი სტრუქტურა არ არსებობდა და ყველა ცალკეული საკითხის მოგვარებას რომელიმე უწყება ცდილობდა. "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო" არის პრემიერ-მინისტრთან არსებული და უშუალოდ მას დაექვემდებარება. სააგენტო იმუშავებს რელიგიური ორგანიზაციების სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საბჭოთა რეჟიმის მიერ დაზარალებული ოთხი რელიგიური მიმდინარეობისთვის ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებისთვის გამიზნული თანხის განკარგვაზე", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განცხადებით, სააგენტოს ხელმძღვანელის შესახებ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას.