იგი ახალქალაქის კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებთან ერთად ეწვია.
კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილი ორგანიზაციის "ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისთვის" ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული ოფისების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გამგეობის შენობაში გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ახალციხის ოფისის ხელმძღვანელმა თინათინ აკოფიანმა აღნიშნა, ორგანიზაციის მიზანია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. მისივე განცხადებით, ორგანიზაცია მსურველებს უფასოდ შეასწავლის ქართულ და ინგლისურ ენებს, კომპიუტერთან მუშაობას და უწევს იურიდიულ კონსულტაციას.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქეთევან ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა.
"სახელმწიფო ენის ცოდნა წარმატების საწინდარია. ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება, რათა მათ მომავალში სწავლის გაგრძელება ევროპაშიც შეძლონ. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ყველა მოქალაქეს გაეხსნება გზა ევროპისკენ", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ეთნიკური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკმაც. მან აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ახალქალაქში კინოთეატრი გაიხსნება, ხოლო რეგიონის სამი ქალაქი ფოლკლორულ ინსტრუმენტებს მიიღებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე, მათ შორის საგაზაფხულო პროექტებზე ისაუბრა.
პრეზენტაციის ბოლოს ადგილობრივმა საბავშვო კოლექტივებმა ქართული და სომხური ნაციონალური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს და წაიკითხეს ლექსები ინგლისურ ენაზე.