ქეთევან ციხელაშვილი აქცია–კონცერტს „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ დაესწრო

13 April 2014

"აქ მოვედი იმისათვის, რომ შევუერთდე ამ აქციას როგორც მოქალაქე და როგორც მთავრობის წევრი იმიტომ, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ევროპა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ევროპა არის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპა გახლავთ კონფლიქტის მოწესრიგების ერთ-ერთი გასაღები. სწორედ ევროპული მომავალი ერთიან საქართველოში არის ჩვენი პოლიტიკის ხედვა. მე მოვედი აქ იმისათვის, აგრეთვე, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ყოფილ კოლეგებს, ეროვნულ პლატფორმას, რომლის თავმჯდომარეც ადრე გახლდით და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

აქციის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა.

"ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენც კი არ გაგვიკეთებია, ვინც დღეს აქ ვდგავართ - ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც შექმნეს ლაღი საქართველო, რომლებმაც სულიერი თავისუფლება, სხვისი მიმღებლობა, ტოლერანტობა ჩადეს ჩვენი კულტურის საფუძვლებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროკავშირის ელჩმა კი ქართველ ხალხს უსურვა, "შეინარჩუნოს სურვილი, გახდეს ევროპის ნაწილი და გაუძლოს ყველა ზეწოლას, რომელიც ამ სურვილის საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს მიმართული".

აქციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის ფარგლებში ქართველმა მომღერლებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.

აქცია-კონცერტი 13 აპრილს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე