პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების შედეგებს გაეცნო

15 May 2014

პაატა ზაქარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელშიც პედაგოგებმა და პროგრამების კოორდინატორებმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების - "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" შედეგები შეაჯამეს.

"შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველო ევროპისაკენ მიჰყავთ. ეს პედაგოგები ხელს უწყობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, შეძლონ ღირსეული ინტეგრაცია და გახდნენ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები. ამიტომ, ჩემთვის დიდი პატივია, ამ შეხვედრაში მონაწილეობა და ამ მასწავლებლების მხარდაჭერა, მათი პრობლემების და წარმატებების მოსმენა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პროგრამის "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" მონაწილემ, სოფელ სადახლოს აზერბაიჯანული საჯარო სკოლის მასწავლებელმა შორენა ხუხუამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტერგაციის პროცესისთვის აღნიშნული პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ჩვენი პროგრამა აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან საჯარო სკოლებში ხორციელდება. გარდა სახელმწიფო ენის სწავლებისა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ - ვახორციელებთ ბანაკებს, სასკოლო პარტნიორობის პროგრამებს, ვამუშავებთ მხატვრულ თარგმანებს, ვმუშაობთ მთლიანად თემთან. გარდა სახელმწიფო ენის სწავლებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ საქართველო მათი სამშობლოა და ჩართული იყვნენ ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში. რაც შეეხება არსებულ პრობლემატურ საკითხებს, იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ პრობლემების გადაჭრაში მაქსიმალურად დაგვეხმარებიან", - განაცხადა შორენა ხუხუამ.

შეხვედრაში პროგრამებში "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ჩართული პედაგოგები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველი აპარატის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.