ქეთევან ციხელაშვილმა „აფხაზეთობაში“ მიიღო მონაწილეობა

23 May 2014

ქეთევან ციხელაშვილი ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ქვების პარკში ქვის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც აფხაზეთის მკვიდრი გამოჩენილი მოღვაწეების სახელებია ამოტვიფრული.

პარკში შეკრებილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა და "აფხაზეთობის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოვიდა ქეთევან ციხელაშვილიც. მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ქვის დადგმისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას - "აფხაზეთობას" ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლურად ამ დღეს გაიხსნა ქვა-მემორიალი, რომელზეც ამოტვიფრულია იმ ადამიანების სახელები, რომლებიც არიან აფხაზეთიდან, მიუხედავად იმისა, ქართველები არიან ისინი თუ აფხაზები. ეს სახელები ადასტურებს, რაოდენ ნიჭიერი ადამიანების მხარეა აფხაზეთი. ეს ჩვენი საერთო მემკვიდრეობა და საგანძურია. ჩვენი საფიქრალი არის ის, თუ როგორ მოხდეს შერიგებისა და მშვიდობის გზით გაერთიანება, ნდობის მშენებლობისა და სიყვარულით მოგვარდეს ყველა პრობლემა", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მთავრობის სხვა წევრებმა.

ცერემონიაზე შეკრებილები იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე იმ მოღვაწეთა ოჯახის წევრები, რომელთა სახელებიც ქვაზეა ამოტვიფრული.

23 მაისს - წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, "აფხაზეთობა" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, "აფხაზეთობა" აღინიშნა.

იხილეთ ვიდეო სიუჟეტი მოცემულ ბმულზე