"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის" 2011 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა 2011 წლის სამოქმედო გეგმით განხორციელებული აქტივობები. ქალბატონი ეკა მიესალმა კომისიის მიერ გაწეულ სამუშაოს და მის წარმატებულ ფუნქციონირებას. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2012 წლის განმავლობაშიც აქტიურად გააგრძელებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციას.
კომისიის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა უწყებას წარმოადგენენ, მიმოიხილეს შესაბამის სფეროებში გატარებული ღონისძიებები. მათ აღნიშნეს წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კულტურული ღონისძიებების, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, რეგიონების ცენტრთან ეკონომიკური დაახლოების, დასაქმების, ინფრასტრუქტურის განვითარების, სოფლის მხარდაჭერის, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის სწავლების და სხვა მიმართულებებით მიღწეული წარმატებები. კომისიის წევრებმა კმაყოფილება გამოხატეს არასამთავრობო სექტორთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და კომისიის წევრებს შორის მჭიდრო კოორდინაციის არსებობასთან დაკავშირებით.