უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

31 August 2012

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, სადაზღვევო ვაუჩერის მიღება შეუძლიათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვებს, ასევე ქალებს 60 წლიდან და მამაკაცებს 65 წლიდან, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქალაქეობას, ან პირადობის ნეიტრალურ მოწმობას/ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.

აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სადაზღვევო ვაუჩერის აღება შეუძლიათ ქ. ზუგდიდში მდებარე საქართველოს ფოსტის განყოფილებაში (რუსთაველის ქ. 92), ხოლო ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას - ქ. გორში მდებარე საქართველოს ფოსტის განყოფილებაში (სტალინის ქ. 15).

სადაზღვევო ვაუჩერის მისაღებად საკმარისია საქართველოს პირადობის მოწმობის, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის/პირადობის მოწმობის წარდგენა. 0-5 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებს ბავშვის მშობელი ან მეურვე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის/პირადობის მოწმობის და ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

სადაზღვევო ვაუჩერი ფარავს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს: სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება; გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები; სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა; გეგმური და გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება; გეგმური ქირურგიული ოპერაციები - სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი; ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა - სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი; მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები; ამბულატორიული სამკურნალო საშუალებები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი - 15 05

საქართველოს ფოსტის ცხელი ხაზი - 2 240909