რეგიონის შესახებ

აფხაზეთი არის საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის ისტორიული პროვინცია. ამჟამად მისი ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავავლეთით შავი ზღვა აკრავს, ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი დღეს 8,7 ათასი კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს.

ქართული წყაროები აფხაზეთს პირველად VIII საუკუნის ისტორიული მოვლენების აღწერისას იხსენიებს, ხოლო ბერძნულ წყაროებში ტომის სახელწოდება „აფსილებისა" და „აბაზგების" სახით ახ. წ. I-II საუკუნეებიდან გვხვდება.

ოდითგან აფხაზეთის ტერიტორია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე ძვ. I ათასწლეულში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები, ეთნიკური კუთვნილების მიხედვით გაურკვეველ ტომებთან ერთად. ახ. წ. პირველი საუკუნეებიდან აქ მოიხსენიებიან აგრეთვე აბაზგები, აფშილები, სანიგები. ფლავიუს არიანეს (II ს.) ცნობით, რომელმაც შავი ზღვის გარშემო საინსპექციო აღწერილობა ჩაატარა, ამავე ხანაში ჩამოყალიბდა ამ ტომებით დასახლებული პოლიტიკური ერთეულები (აბაზგია, აფშილეთი, სანიგეთი), რომლებიც შემდგომში ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

თავდაპირველად აფხაზეთი (აბაზგია)გაცილებით მცირე იყო: V-VI სს-ში მისი აღმოსავლეთის საზღვარი ცხუმსა და ანაკოფიას შორის გადიოდა, ხოლო დასავლეთი - მდ. აბასკონზე, რომელსაც აიგივებენ ბდინარე ბზიფთან, ფსოუსთან ან მზიმთასთან.

ამ დროს იგი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს ვასალური ორი მცირე სამთვროსაგან შედგებოდა, რომელთა ცენტრები იყო ბიჭვინთა და ანაკოფია. VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელმა კეისარმა ჰერაკლემ თავისი წარმომადგენელი დასვა ანაკოფიაში ერისთავად (არქონტად) და ამიერიდან, იმპერიის ხელშეწობით გაერთიანებული და გაძლიერებული აფხაზეთი, რომელმაც აფშილეთის ნაწილიც შეიერთა მდინარე კელასურამდე, ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოექცა.

VIII ს. 30-იანი წლებში აფხაზეთის ერისთავმა ქართლის ერისთმთავრის არჩილის ვასალობა იკისრა. VIII ს. II ნახევრში, აფხაზთა მთავარ ლეონ II დროს, მთელი დასავლეთ საქართველო გაერთიანდა და შეიქმნა ისტორიულ წყაროებში „აფხაზთა სამეფოდ" წოდებული ქართული სახელმწიფო (ცენტრი - ქუთაისი), ხოლო ლეონმა თავი „აფხაზთა მეფედ" გამოაცხადა. ლეონ II „აფხაზთა მეფემ" გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის საფუძველზე აფხაზთა სამეფოში შეიქმნა რვა საერისთავო. თანამედროვე აფხაზეთი „აფხაზთა სამეფოში" აფხაზეთისა და ცხუმის საერისთავოების სახით იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ტერიტორია მოიცავდა ძველ აფშილეთს მდ. ღალიძგამდე.

ამ ეპოქაში საკუთრივ აფხაზეთის საერისთავოს საზღვარმა ჩრდილო-დასავლეთისაკენ შორს გადაინაცვლა. X საუკუნეში უკიდურესი სტრატეგიული პუნქტი ამ მიმართულებით ციხე-ქალაქი ნიკოფსისი (ნიკოფსია) იყო. „აფხაზთა მეფეთა" სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მიმართული იყო სამეფო საზღვრების გაფართოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ. საგულისხმოა, რომ მათი დიდი ძალისხმევის შედეგად დასავლეთ საქართველოს ეკლესია შეუერთდა მცხეთის ავტოკეფალურ ეკლესიას, რაც საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდა. ასევე უნდა აღინიშნოს „აფხაზთა მეფეთა" მიერ წარმოებული კულტურულ-აღშენებლობითი საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეში. აფხაზთა მეფეების მიერ არის აგებული მოქვის, ხუაფის, მარტვილის, ქიაჩის, წირქოლის, კუმურდოს ტაძრები, რასაც ადასტურებს ძველ მემატიანეთა თხზულებები და ამ ტაძრებზე „აფხაზთა მეფეთა" დაკვეთით შესრულებული ძველი ქართული ასომთავრული წარწერები.

გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ორი საერისთავოს სახით იყო წარმოდგენილი: აფხაზეთის და ცხუმის, აფხაზეთის საერისთავოს შარვაშიძეთა ფეოდალური გვარი ედგა სათავეში, ხოლო ცხუმის საერისთავოს ამანელისძეები. XIII საუკუნის 90-იან წლებში ცხუმის საერისთავო ოდიშის საერისთავოს შეუერთდა. XV საუკუნიდან, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ შარვაშიძე ოდიშის მთავრის ქვეშევრდომი იყო. XVII საუკუნის I ნახევარში საზღვარი აფხაზეთსა და ოდიშს შორის მდინარე კელასურზე გადიოდა. ამ დროისთვის დამახასიათებელი საერთო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დაქვეითების და ჩრდილო კავკასიიდან თანდათანობით შემოღწეული მოსახლეობის აქ დამკვირდების შედეგად აფხაზეთი XVII-XVIII სს-ში ცალკეულ ფეოდალურ-თემობრივ ტერიტორიულ ერთეულებად იყო დაყოფილი, რომელთა სათავეში სხვადასხვა გვარის წარჩინებული წარმომადგენლები იდგნენ. მათ შორის კვლავ შარვაშიძეები პირველობდნენ, რომლებიც აღიარებდნენ ოდიშის მთავრის უზენაესობას.

XVII საუკუნის ბოლო მესამედში, როდესაც მთელი დასავლეთ საქართველო სიშინელმა ფეოდალურმა ანარქიამ მოიცვა, შარვაშიძეებმა მოახერხეს ტერიტორიის გაფართოება და შეიერთეს სამეგრელოს ნაწილი ჯერ მდ. ღალიძგამდე, ხოლო XVII-XVIII სს. მიჯნაზე - მდ. ენგურამდე. ამ ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, ნაწილობრივ ამოწყვეტილი, ნაწილობრივ ტყვედ გაყიდული მკვიდრი ქართული (ძირითადად მეგრელი) მოსახლეობის ნაოხარზე, შარვაშიძეებმა შიდა რეგიონებიდან გადმოასახლეს აფხაზები. ამიერიდან აფხაზეთი ეწოდება მთელ ამ ტერიტორიას, რომელიც კვლავაც ცალკეულ ტერიტორიებად იყო დაქუცმაცებული: ჯიქეთი (სინძი) - მდინარე მზიმთისა და ბზიფს შორის, ზუფუ (ბზიფი) - მდინარე ბზიფსა და გუმისთას შორის, გუმა - მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის, შუასოფელი (აბჟუა) - მდინარე კოდორსა და ღალიძგას შორის, სამურზაყანო - მდ. ღალიძგასა და ენგურს შორის, წებელდა-დალი (წაბალ-დალი) მდ. კოდორის ზემო წელი, სიხუ (ფსხუ) - მდ. ბზიფის ზემო წელი. ეს სახელწოდებები, ფაქტობრივად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენენ, რომელთა სათავეში შარვაშიძეების, მარშანიებისა და სხვა ფეოდალური გვარების წარმომადგენლები იდგნენ, თუმცა მათ შორის შარვაშიძეები პირველობდნენ.

რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს დაპყრობის პროცესში, როდესაც რუსეთმა იმერეთის სამეფოს ადგილობრივი მთავრები დაუპირისპირა, სამგრელოს სამთავროს ხელისუფლების აქტიური ხელშეწყობით, სამურზაყანო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ შევიდა და 1805 წელს ოდიშის სამთავროს დაუბრუნდა. 1810 წელს რუსეთმა შეიერთა აფხაზეთის დანარჩენი ტერიტორია, რომელზედაც მისი ძალისხმევით შეიქმნა ერთიანი აფხაზეთის სამთავრო, რუსთა მიერვე სოხუმში მთავრად დასმული გიორგი შარვაშიძის (საფარბეის) მეთაურობით. 1864 წელს რუსეთის ხელისუფლებამ, ისევე როგორც დანარჩენი ქართული სამეფო-სამთავროები, აფხაზეთის სამთავროც გააუქმა და გადააქცია ჯერ სოხუმის სამხედრო განყოფილებად, შემგედ კი - სოხუმის ოკრუგად, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ყოფილი სამურზაყანო, ხოლო თვით სოხუმის ოკრუგი ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. საგულისხმოა, რომ ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის აფხაზეთი ყველაზე დიდხანს ებრძოდა რუსეთის დამკვიდრებას საქართველოში და საკუთრივ აფხაზეთში. ამის მაგალითია ქართველი და აფხაზი ხალხის მრავალრიცხოვანი აჯანყებები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ რუსეთმა ქართულ სამეფო - სამთავროებს შორის აფხაზეთის სამთავროს გაუქმება ყველაზე გვიან მოახერხა. (საქართველო, ენციკლოპედია ტ.-I, თბილისი, 2007, გვ.250)

1918 - 1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთი ავტონომიის სახით იყო წარმოდგენილი, რასაც ადასტურებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.

1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა შეძლო საქართველოს სახელმწიფოს ანექსია და მის ადგილზე შექმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ამ პერიოდში რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების მცდელობას, რაც მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის (აფხაზი და ქართველი ხალხის საუკეთესო შვილების) მონდომებით სრული კრახით დასრულდა.

1921-1991 წლებში რუსული საბჭოთა ანექსიის პირობებში აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სახით შედიოდა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1991 წელს ქართველმა ხალხმა მეორედ შეძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთი ფართო ავტონომიური უფლებებით არის წარმოდგენილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია სოხუმი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის დონიდან 5-140მ, ხოლო თბილისიდან 405 კმ. (რკინიგზით) დაშორებით მდებარეობს.

დღევანდელი სოხუმის ადგილზე ძვ. წ. VI საუკუნეში ბერძნებმა დაარსეს ქ. დიოსკურია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხუმს ეძახდა. ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში ქ. ცხუმი (სოხუმი)736 წლიდან მოიხსენიება.

სოხუმში არის ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვარში საშუალო ტემპერატურაა 60C, ივლისში 23 0C. ნალექები 1480 მმ წელიწადში. (საქართველოს სსრ, ენციკლოპედია თბილისი, 1981,გვ.323)

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში რუსულმა იმპერიულმა ძალებმა შეძლეს აფხაზეთში სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის შექმნა, რომელზე დაყრდნობით რუსეთმა შეძლო 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის ინსპირირება აფხაზეთში. აღნიშნულ ომს შედეგად მოჰყვა დაახლოებით 80%-მდე მოსახლეობის (უპირატესად ქართველების, აფხაზების, რუსების და სხვების) გამოდევნა აფხაზეთიდან.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა აფხაზეთის სრული ანექსია და ფორმალურად სცნო აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. სინამდვილეში ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის მიტაცება, სადაც მრავალრიცხოვანი რუსული სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ პოლიტიკურ ვითარებას. მიუხედავად რუსული იმპერიული ძალების მცდელობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.

 
დეტალური ინფორმაცია რეგიონის შესახებ