პეტრე კანკავა: „სპორტი არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ“

27 აგვისტო 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ცხინვალის „სამაჩაბლოსა“ და მარნეულის „ალგეთს“ შორის გამართულ საფეხბურთო მატჩს დაესწრო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ღია ლიგის მეორე წრის პირველი თამაში სოფელ ერგნეთის სტადიონზე გაიმართა. მატჩი „სამაჩაბლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

„ამ მატჩს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ვიმყოფებით გამყოფი ხაზის სიახლოვეს. ამ თამაშში ყველანი ვართ გამარჯვებულები. ჩვენ გვსურს, ვუთხრათ ოსურ საზოგადოებას, მშვიდობას და შერიგებას ალტერნატივა არ აქვს და სპორტი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ როგორც კლუბ „ალგეთში“ ერთ გუნდში, ერთმანეთის მხარდამხარ თამაშობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები და ბერძნები, ასევე დღევანდელი მატჩის გამარჯვებულ გუნდში ერთად ითამაშებენ ქართველი, ოსი, აფხაზი და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი სპორტსმენები, 21-ე საუკუნეში მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დრო და ადგილი არ არის“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.

დღევანდელ მატჩზე ცხინვალის „სამაჩაბლოს“ პრეზიდენტად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა. მან გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თანადგომას დაჰპირდა. დღევანდელ მატჩს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათთან ერთად დღევანდელ მატჩს ადგილობრივები გულშემატკივრობდნენ.