შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ორდღიან სემინარზე, „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის,“ სიტყვით გამოვიდა.
სემინარზე, რომელსაც შიდა ქართლის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სკოლების მასწავლებლები თბილისელ კოლეგებთან ერთად ესწრებიან, პედაგოგები ისმენენ ინფორმაციას ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეირაღებული ძალების მონაწილეობის, ნატოს გარშემო გავრცელებული შეხედულებებისა და რეალური ფაქტების შესახებ.
სემინარზე სახელმწიფო მინისტრმა პედაგოგებს მიმართა და თავიანთი საქმის გულმოდგინედ შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის პედაგოგებთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან მათ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ. ისინი ჩვენ შვილებს იმ ღირებულებებზე ზრდიან, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს აქ არიან მასწავლებლები მავთულხლართების სიახლოვეს მდებარე სოფლებიდან, რომელთა ღვაწლი და შრომა ორმაგად დასაფასებელია. ისინი ძალიან რთულ ვითარებაში არა მხოლოდ უმკლავდებიან პრობლემებს, რომლებიც ადგილზეა, არამედ მომავალ თაობას ძალიან ღირსეულად ზრდიან, თავიანთ საქმეს ემსახურებიან. ჩვენი კი, სახელმწიფოს ამოცანა ის გახლავთ, რომ ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ.
„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფოსათვის გამყოფი ხაზებთან მდებარე სოფლები და მათი მოსახლეობა ერთ-ერთი მთავარი პროირიტეტია. ჩემი თანათავმჯდომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, სპეციალური კომისია ფუნქციონირებს, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. დღემდე ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ვცდილობთ შევეხიდოთ მოსახლეობას, რომელიც გამოწვევების მიუხედავად ამ ადგილებს არ ტოვებს. მომავალში, რა თქმა უნდა, მათ მხარდაჭერას კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.