ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

18 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფორმატში შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი განათლების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჯანდაცვის, სპორტისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ  საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საშუალებისადმი.

შეერთებულმა შტატებმა ასევე ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა და ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვისაკენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთა შორის კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, კერძოდ მშვიდობის კორპუსისა და სხვა ორმხრივი გაცვლითი პროგრამების როლ ს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ინიციატივები გაძლიერდება.

სამუშაო ჯგუფს თანათავმჯდომარეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი,  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე შარონ ჰადსონი-დეკანი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის  მოვალეობის შემსრულებელი მარგო ელისი.