ქეთევან ციხელაშვილი ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს ესტუმრა
29 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებთან ერთად ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრი მოხუცების მდგომარეობით დაინტერესდა, მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კი ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს და ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.
“დღეს ხურვალეთის მოხუცთა სახლში იმისათვის ჩამოვედით, რომ ჩვენს მოხუცებს ახალი წელი მივულოცოთ. მინდა პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვოთ, რაც ამ სოფლისათვის, ამ რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მინდა მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და სწორედ ამიტომ, დღეს ჩემთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები არიან, რომლებმაც ბენეფიციარები გასინჯეს და კონსულტაცია გაუწიეს. ბუნებრივია, საჭიროების მიხედვით ხანდაზმულებს მედიკამენტებით მომარაგებაშიც დავეხმარებით.
„ეს ჩვენი მხრიდან არის სიმბოლური აქცია, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რაც ჰქონდათ და მომავალშიც ექნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. განსაკუთრებით აქ, ამ სოფელში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. ეს მოხუცებიც სწორედ ამ სოფლიდან და მიმდებარე სოფლებიდან არიან,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
„სახლი საზღვრებს გარეშე“ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაიხსნა. მისი ბენეფიციარები შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლიდან არიან.