გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი, რიგით 52-ე შეხვედრა გაიმართა. განხილულ თემებს შორის იყო ხურჩა-ნაბაკევის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, მავთულხლართების გავლება, ხელოვნური ბარიერების შედეგად გამოწვეული დაბრკოლებები, ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინცინდენტები და ა.შ.
განსაკუთრებული ყურადღება კვლავ 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თემას დაეთმო. ასევე, გრძელდება მუშაობა 2017 წლის 5 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში დაკავებული პაატა როგავას გასათავისუფლებლად. მოგეხსენებათ, პაატა როგავასთან ერთად დაკავებული იყო მისი მამა, არჩიკო როგავაც, რომელიც 5 დეკემბერს გათავისუფლდა.
შეხვედრაზე წამოიჭრა საკითხი სამხედრო წვრთნებისა და სხვა სამხედრო ქმედებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოწოდების თაობაზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 27 თებერვალს გაიმართება.
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.
აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.