ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი, რიგით 84-ე შეხვედრა გაიმართა. განხილულ თემებს შორის იყო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ხელოვნური ბარიერების შედეგად გამოწვეული დაბრკოლებები, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციისათვის ხელის შეშლა, ზნაურის რაიონში ბანერის დაზიანების შემთხვევა, ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინცინდენტები და ა.შ.
ქართულმა მხარემ ყურადღება ახალგორში გაუჩინარებული, ხოლო მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, დავით ბაშარულის საქმის გამოძიებისა და ოჯახისათვის საქმის მასალების მიწოდების აუცილებლობაზე გაამახვილა.
საუბარი გამყოფი ხაზის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებისა და სხვა სამხედრო ქმედებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოწოდებასაც შეეხო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 1 მარტს გაიმართება.
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.
აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.