ლაშა დარსალია: „ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვა და კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობისა და ენის შენარჩუნება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია“

15 თებერვალი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია საერთაშორისო კონფერენციაზე - „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“ სიტყვით გამოვიდა.

სამ დღიანი კონფერენცია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ტარტუს უნივერსიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

მისი მიზანია განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული თემატიკა უშუალოდ ჩვენი სამინისტროს ინტერესის საგანია. მოგეხსენებათ, მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ და ამიტომ მულტილინგვური და ბილინგური განათლების საკითხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„როცა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკაზე ვსაუბრობთ,  აქ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია გასათვალისწინებელი - ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობისა და ენის შენარჩუნება. ეს ორი კომპონენტი არა თუ ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, არამედ პირიქით- ერთმანეთს ავსებს. ჩვენი დევიზია - მეტი მრავალფეროვნება, მეტი ინტეგრაცია.

„სახელმწიფო ენის შესწავლა და ეთნიკური უმცირესობების  ენების განვითარების საკითხი არის ცენტრალური, ამიტომ ამ კონფერენციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარება ძალიან გამოგვადგება, ჩვენ ქვეყანას გამოადგება შესაბამისი პოლიტიკისა და შესაბამისი მიმართულების შემდგომი განვითარებისათვის“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 100-მდე მომხსენებელი 17 ქვეყნიდან. ქართველი და უცხოელი ექსპერტები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:  მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ინტერკულტურული განათლების ასპექტები; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება და ა.შ.