შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად კოჯორში, 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სახელმწიფო მინისტრმა 1925 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იუნკერების თავგანწირვასა და ღვაწლს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
“1921 წელს საქართველოს მძიმე დღეები ედგა. იუნკერებმა კი აჩვენეს მართლაც გამორჩეული მაგალითი თავდადებისა და თავგანწირვის, საბჭოთა საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მათი ხსოვნა ჩვენთვის მარადიულია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში საქართველოს მსგავსი გამოწვევა აქვს - მისი ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. არის უამრავი ხელოვნური დაბრკოლება, რომელიც ადამიანებს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ძალიან მძიმე ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის. გაყოფილია ოჯახები, კარ-მიდამოები, შეზღუდულია გადაადგილება.
"ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ თავისუფლებისათვის. ბრძოლა მშვიდობიანია და ეს პროცესი შეუქცევადია. ჩვენი ბრძოლა არის ხიდების მშენებლობა იმ ხელოვნური ბარიკადების გასწვრივ, რომელიც სწორედ ჩვენი მოსახლეობის დაშორიშორებისაკენაა მიმართული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალისხმევა, რომელსაც ძალიან ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.