ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

24 თებერვალი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ წილკანში ჩავიდა და ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ფაქტის დროული გამოძიებისა და სიმართლის დასადგენად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო სამძიმარი ოჯახის მიმართ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ამ ოჯახისა და თითოეული ჩვენგანისათვის.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ახალგროში უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მის მიმართ ძალა გამოიყენეს და გარემოებები, რომლებიც მისი გარდაცვალების მიზეზად სახელდება, რა ქმა უნდა, ძალიან ბუნდოვანი და გურკვეველია. ფაქტია, რომ უკანონო დაკავებისას მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია, საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ამას ალბათ ჰყავს კონკრეტული შემსრულებლები, დამნაშავეები, მაგრამ საერთო პასუხისმგებლობა რეჟიმის კისერზეა, რადგან ვხედავთ, რომ იგი მიმართულია ადამიანების უფლებების წინააღმდეგ. 

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საქმე და დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიება დაიწყო. მოგეხსენებათ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილტან ერთად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა დაკავებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ, გარდაცვალების რეალური გარემოებები სწრაფად დადგინდეს და ამას შესაბამისი შეფასება მიეცეს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ხაზზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ისინი ამ პროცესში რეგულარულად არიან ჩართულნი.  ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა საქმე შესაბამისი მსვლელობა მიეცეს," - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.