ქეთევან ციხელაშვილი ბრიტანეთის უშიშროების საბჭოს მრჩეველს შეხვდა

2 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიტანეთის უშიშროების საბჭოს პროგრამების დეპარტამენტის მრჩეველს კონფლიქტების საკითხებში, ნილ ბესტს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და საქართველოს ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავება იყო. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და ის ნაბიჯები გააცნო, რასაც საქართველოს ხელისუფლება ცხედრის გადმოსაცემად და დაკავებული პირების საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ დასაბრუნებლად დგამს.

საუბარი ასევე შეეხო 1 მარტს ერგნეთში ჩატარებულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას და ქართველი მონაწილეების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას.

ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ  ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებასა და ჩართულობას, ასევე საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლის განხორციელებას.

ნილ ბესტმა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ბრიტანეთის მთავრობის ჩართულობაზე, ამჟამად მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის, საქართველოს მიერ არჩეული სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურების და თანმიმდევრული ქმედებების გაგრძელების მნიშვნელობას. ითქვა, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია მეტი ძალისხმევის გაწევა მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით დაშორებულ, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კავშირების მეტად გაძლიერებისათვის.

ქეთევან ციხელაშვილმა მადლიერება გამოხატა ბრიტანული მხარის მიერ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციისათვის.