შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია სოფელ დუისში პანკისის ხეობის მკვიდრ ქართული და ჩეჩნური ენის მასწავლებლებს შეხვდა და 8 მარტი მიულოცა.
ლაშა დარსალიას თქმით, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება და ამავდროულად მშობლიური ენის სწავლების შენარჩუნება სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია. მან მასწავლებლებს, ამ საქმის თავდაუზოგავი მსახურებისათვის, მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს შევხვდე იმ ადამიანებს, რომელთათვისაც როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლიური ენის ცოდნა მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია. მისასალმებელია, რომ ქისტებმა, საქართველოში ცხოვრების პერიოდში ქართული კულტურის მრავალი ელემენტი შეითვისეს, მაგრამ საკუთარიც შეინარჩუნეს.
„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ხელი შევუწყოთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს. რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, იყოს თანასწორი, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და იყოს ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრას ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და პანკისელი უხუცესებიც ესწრებოდნენ.