შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში, მარიან ივანუშს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჯანდაცვის მიმართულება, კერძოდ ის სახელმწიფო პროგრამები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის ხორციელდება. საუბარი შეეხო სახელმწიფო რეფერალურ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს უფასო სამედიცინო მომსახურებას, ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, აფხაზეთის რეგიონისთვის სხვადასხვა სახის მედიკამენტების მიწოდებას, რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობას და ა.შ.
აღინიშნა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე ზრუნვას და მათი სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა იმ სერვისებს, რომლითაც ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები სარგებლობენ.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე მიმოიხილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია - ის სირთულეები და გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას უწევს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობის შესაძლებლობები.