შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით:
დღეს საღამოს, წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოგვეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში.
ჩვენი ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე და ყველა შესაძლო მექანიზმი იქნა ამოქმედებული. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში და გვინდა განვაცხადოთ, რომ აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება. ამ მძიმე წუთებში კი, მნიშვნელოვანია ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირებისა და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოებას - ღირსეული პატივი მივაგოთ მას.