„გვეამაყება თითოეული თქვენთაგანი, მოხიბლული ვართ თქვენი აზროვნებით, ლოგიკითა და უნარებით. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და გვახარებს, რომ წლიდან წლამდე ასე ვითარდებით. გვინდა ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს და გპირდებით, რომ ამაში პირადად დაგიჭერთ მხარს“,- ამ სიტყვებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ მონაწილეებს შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
პროექტის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა, მოხალისე თანატოლ-განმანათლებლებმა ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების თემაზე 5 რეგიონის (15 მუნიციპალიტეტი) 66 სოფელში 200-მდე შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაც 6300 ბენეფიციარი დაესწრო.
შეხვედრები ჩატარდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. ახალგაზრდებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან - მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ჩატარდა სახელმწიფო ენაზე, საჭიროების შემთხვევაში კი დამხმარე ენად გამოიყენებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიური ენა. ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადდა და გავრცელდა შესაბამისი მასალები.