ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს

31 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის (ფესახი) დღესასწაულს ულოცავს.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს - პასექს, რომელიც ებრაელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების აღმნიშვნელია. ამ დღეს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან იგი ხაზს უსვამს ებრაელი ხალხის თავისუფლებისმოყვარე ბუნებას.

„ვისურვებდი, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში იყოს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. საქართველოში ებრაელები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ და სწორედ ამდენივე ხნისაა ჩვენი მეგობრობაც. ეს მეგობრობა ყველასთვის ძალიან ძვირფასია. ებრაელი მოქალაქეების კულტურა და რელიგია კი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“, -აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

პასექი, ანუ ფესახი ებრაული და სამარიული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ და იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ. ეს ბიბლიური დღესასწაული ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ებრაელისათვის და სიმბოლურია სხვა ერებისათვის, რადგან ამ დღეს ებრაელები კაცობრიობას თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს უჩვენებენ.