დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. აღნიშნული თარიღი მის დაბადების დღეს დაემთხვა - დღეს იგი 35 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით სახელმწიფოს ამოცანა მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უფლებების დაცვისათვის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებაა.
“40 დღე გავიდა იმ ძალიან დიდი ტრაგედიიდან, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე შეიწირა. დღეს მისი 35-ე დაბადების დღეც არის და ოჯახს ამ თარიღთან შეხვედრა ამხელა ტრაგედიითა და ტკივილით უწევს. მინდა გითხრათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენი, ისევე როგორც პარტნიორებისა და საზოგადოების ნებისმიერი წევრის ინტერესი ის გახლავთ, რომ იგი მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდეს, რათა დადგინდეს ზუსტი გარემოებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები.
“მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი რათა ამოქმედდეს მექანიზმები და მსგავსი უბედურება, ტრაგედია, რომელიც საუბედუროდ, მიმდინარე ოკუპაციის დროს არ არის პირველი, აღარ განმეორდეს. მოხდეს პრევენცია ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის.
„მოგეხსენებათ, აქ ძალიან ბევრი მიმართულება გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური და სამართლებრივი. ახლახან გამართულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არჩილ ტატუნაშვილის საკითხი მთავარი თემა იყო. საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თუ რა მძიმე მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რამდენად მიუღებელია ის, რაც დღეს ხდება და რომ ჩვენი პოზიცია ახლაც და მომავალშიც შეურიგებელი იქნება. ერთ-ერთი საკითხი ასევე გახლდათ ის, რომ ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები რაც კონფლიქტის მოგვარებამდე ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმი იქნებოდა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.